logo
ENG



ბურჯანაძე "დოსიეს" მასალაზე: ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას

25 აგვ 202016:51
3 წუთის საკითხავი
 
kiplh3bs871rbch.jpg

ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანას გამოძიება უკვე დაწყებული ექნებოდა. 

"რაც შეეხება გუშინდელ ბრალდებას, მე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი ამ ბრალდების თაობაზე. ვფიქრობ, რომ თავად პატრიოტთა ალიანსი პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბრალდებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას ასეთ ბრალდებასთან დაკავშირებით. 

არც უნდა ყოფილიყო საჭირო ელენე ხოშტარიას მიერ შეტანა იმიტომ, რომ პროკურატურა რომ პროკურატურის ადგილზე იყოს, უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეთ გამოძიება", - ამბობს ბურჯანაძე. 

დღეს ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ, "დოსიეს" მასალებზე დაყრდნობით, პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით უკვე მიმართა. 

ცენტრმა "დოსიემ" 24 აგვისტოს მასალები გამოაქვეყნა. ამ მასალების მიხედვით, კრემლი პატრიოტთა ალიანსს 2020 წლის არჩევნებისთვის ფინანსურად ეხმარება და წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსთან დაკავშირებით ინსტრუქციებს აძლევს. 

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა უარყო საგამოძიებო სტატიის ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი პარტია მრავალ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის, ორ ამერიკულ, ორ ებრაულ და ერთ რუსულ კომპანიასთან. 


close დახურვა